წმიდა ანთიმოზ
ივერიელი (+1716)
13 (26) ივნისი
წმიდა
ანთიმოზ ივერიელი
თავისი დროის
ერთ-ერთი უგანათლებულესი
ადამიანი იყო,
ფლობდა მრავალ
უცხო ენას: ბერძნულს,
რუმინულს, ძველ
სლავურს, არაბულს,
თურქულს, გათვითცნობიერებული
იყო თეოლოგიაში,
ლიტერატურასა
და ბუნებისმეტყველებაში.
იგი დაჯილდოებული
იყო საოცარი
ნიჭით, ბრწყინვალედ
ფლობდა ხელოვნების
ყველა დარგს,
განსაკუთრებით
მხატვრობას,
გრავირებას,
მოჩუქურთმებას,
ქსილოგრაფიას.
ცნობილი იყო,
როგორც შესანიშნავი
კალიგრაფი, დახელოვნებული
ხეზე მჭრელი
და ნიჭიერი მოქანდაკე.
ის იყო რეფორმატორი
სალიტერატურო
რუმინული ენისა,
ბრწყინვალე
მწერალი და აღიარებული
ორატორი.
ანთიმოზ
ივერიელმა სიცოცხლე
შესწირა მეორე
სამშობლოდ ქცეულ
ვლახეთის გათავისუფლებას
თურქთა და ფანარიოტთა
უღლისაგან. ცნობები
ამ საოცარი ადამიანის
სიყრმისა და
სიჭაბუკის შესახებ
მწირადაა შემონახული.
ცნობილია, რომ
ის იყო სამცხე-საათაბაგოს
მკვიდრი. მრავალმხრივი
ნიჭით დაჯილოდებული
ჭაბუკი არჩილ
მეფეს ახლდა
რუსეთში და დიდად
ეხმარებოდა
ქართული სტამბის
ჩამოყალიბებაში.
საქართველოში
დაბრუნებული
ანთიმოზი კავკასიელმა
მთიელებმა შეიპყრეს
და მონად გაყიდეს.
ტყვეობიდან
ის გამოისყიდა
იერუსალიმის
პატრიარქმა
დოსითეოსმა.
საპატრიარქოში
ყოფნის პერიოდი
ანთიმოზმა თავისი
განათლებისა
და ოსტატობის
სრულყოფისათვის
გამოიყენა. უკვე
სახელგანთქმული
მხატვარი, გრავიორი
და კალიგრაფი
დაახლოებით
1690 წელს ვლახეთის
მეფის, კონსტანტინე
ბრინკოვიანუს
მიწვევით ვლახეთში
წავიდა. ანთიმოზის
ვლახეთში ჩასვლისთანავე
სათავეში ჩაუდგა
სასტამბო საქმეს.
ბეჭდვითმა საქმიანობამ
მთელს ქვეყანაში
არნახული გაქანება
ჰპოვა და უმაღლეს
დონეს მიაღწია.
1694 წელს
ანთიმოზი დანიშნეს
სნაგოვოს მონასტრის
წინამძღვრად.
მან აქ საფუძველი
ჩაუყარა ახალ
სტამბას. 1696 წელს
სნაგოვოს სტამბაში
დაიბეჭდა „ღვთისმსახურების
წესი 21 მაისს,
დღესა წმიდანთა
განდიდებისა“.
მას ხელს აწერს
იპოდიაკონი
მიხაილი, შემდგომში
ცნობილი პირველი
ქართული სტამბის
გამმართავი
მიხეილ იშტვანოვიჩი.
1705 წელს
ანთიმოზს, „რჩეულს
ვლახეთის რჩეულ
წინამძღვართა
შორის“, ხელი
დაასხეს რიმნიკის
ეპისკოპოსად,
ხოლოს 1708 წელს
უნგრო-ვლახეთის
მიტროპოლიტად.
ამ ფაქტთან დაკავშირებით
ერთ-ერთი მონასტრის
წინამძღვარი
წერდა: „მოვიდა
დიდი ადამიანი
ვლახეთის მიწაზე,
მოიტანა სინათლე
ღვთაბრივმა
ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის
იერარქმა, შვილმან
ბრძენ ივერთა
მოდგმისა. ღმერთმა
იგი დააჯილოვა
სიბრძნის უშრეტი
წყაროთი, რათა
მას მოემოქმედებინა
კეთილი საქმენი
და თავისი სტამბით
მოეტანა სარგებლობა
ხალხისთვის
ამქვეყნად“.
წმიდა
ანთიმოზის უშუალო
ხელმძღვანელობით
ვლახეთში ოცზე
მეტი ეკლესია-მონასტერი
აიგო, მათგან
განსაკუთრებით
აღსანიშნავია
„ყოველთა წმიდათა“
მონასტერი ქალაქ
ბუქარესტის
ცენტრში. ტაძრის
მთავარი შესასვლელის
მუხის კარი და
ქვაზე ამოტვიფრული
ქართული ორნამენტები
თვით ანთიმოზ
ივერიელმა შეასრულა.
მიტროპოლიტმა
ტიპიკონიც შეუდგინა
ყოველთა წმიდათა
მონასტერს. ანთიმოზი
გადამწყვეტ
მნიშვენლობას
ანიჭებდა მონასტრის
დამოუკიდებლობის
საკითხს, სახელდობრ,
მან ყოველთა
წმიდათა მონასტერი
ბერძნული ეკლესიისგან
დამოუკიდებლად
გამოაცხადა.
მიტროპოლიტად
დადგინების
დღიდან წმიდა
ანთიმოზმა დაუცხრომელი
ბრძოლა დაიწყო
ვლახი ხალხის
განთავისუფლებისათვის
უცხოელ დამპყრობთა
ჩაგვრისაგან.
პირველსავე
დღეს მრევლის
წინაშე წარმდგარმა
ანთიმოზმა თქვა:
„მართლმადიდებლობა
თქვენ შეინარჩუნეთ
წმიდად და შეუბღალავად,
მიუხედავად
იმისა, რომ გარშემორტყმულნი,
შებოჭილი ხართ
უცხო ხალხთა
ძალმომრეობით
და განიცდით
აურაცხელ გასაჭირსა
და უბედურებას,
რაც ყოველთვის
გამომდინარეობს
იმათგან, ვინც
თვითნებურად
ბატონობს ამ
მიწა-წყალზე...
თუმცა მე ვიყავი
უღირსი და უმცროსი
სხვათა შორის,
ვითარცა დავითი
იყო უმცროსი
თავის ძმებს
შორის, ღმერთმა
არ შეხედა ჩემს
სიღარიბეს და
უცხოელობას...
დაე, თქვენთან
ერთად მე თავს
გადამხდეს ყოვლგვარი
გასაჭირი, რასაც
გვარგუნებს
ჩვენ დრო და
ჟამი“.
მისი
სიტყვები წინასწარმეტყველური
აღმოჩნდა. 1714 წელს
თურქებმა სიკვდილით
დასაჯეს ვლახეთის
მთავარი კონსტანტინე
ბრინოკვიანუ,
ხოლო 1716 წელს - უკანასკნელი
ვლახი მთავარი
სტეფანე კანტაკუზენე
და სამეფო ტახტზე
აიყვანეს ფანარიოტი
ნიკოლო მავროკოდრატი,
რომლის მთელი
საქმიანობა
მიმართული იყო
თურქეთის ინტერესების
დასაცავად ვლახეთში.
ამ
მძიმე დღეებში
წმიდა ანთიმოზ
ივერიელმა თავის
გარშემო შემოიკრიბა
ვლახ ბოიართა
ჯგუფი, რომლის
მიზანი იყო გაეთავისუფლებინა
ვლახეთი როგორც
თურქთა, ასევე
ფანარიოტთა
ბატონობისაგან.
კონკრეტული
ღონისძიებებიც
დაისახა, მაგრამ
ნიკოლო მავროკოდრატიმ
ანთიმოზს უბრძანა,
ნებაყოფლობით
უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე.
ანთიმოზმა კატეგორიული
უარი შეუთვალა.
მაშინ მავროკოდრატიმ
დახმარებისათვის
კონსტანტინოპოლის
პატრიარქ იერემიას
მიმართა. ეპისკოპოსთა
კრებამ, რომელსაც
არც ერთი რუმინელი
სასულიერო პირი
არ ესწრებოდა,
„შეთქმული და
რევოლუციისკენ
წამქეზებელი
მეამბოხე“ წმიდა
ანთიმოზი მიტროპოლიტობიდან
გადააყენა და
„ღირსებაახდილად“
გამოაცხადა.
ნიკოლო მავროკოდრატმა
მიაღწია იმას,
რომ წმიდა ანთიმოზი
საბოლოოდ განდევნა
ქვეყნიდან და
სინას მთაზე,
წმიდა ეკატერინეს
მონასტერში
განამწესა. რუმინელი
ხალხის ერთგული
და მოსაიყვარულე
მიტროპოლიტი
შუაღამისას
გაიყვანეს ქალაქიდან,
მაგრამ სინას
მთამდე ანთიმოზ
ივერიელს არ
მიუღწევია. გალიპოლიის
მახლობლად, ადრიანოპოლზე
გამავალი მდინარის,
დულჩიას ნაპირზე
თურქმა ჯარისკაცებმა
ასო-ასო აკუწეს
ანთიმოზ ივერიელი
და მისი წმიდა
ნაწილები მდინარეში
გადაყარეს.
1992 წელს
რუმინეთის ეკლესიამ
ანთიმოზ ივერიელი
წმიდანად შერაცხა
და მისი ხსენების
დღედ დააწესა
14 (27) სექტემბერი,
წმიდანის გარდაცვალების
დღე. საქართველოს
ეკლესია მის
ხსენებას 13 (26) ივლისს
აღნიშნავს.
„ქართველ
წმიდანთა ცხოვრებანი“,
თბილისი, 2004 წ.